ძლიერი სეტყვა და წვიმა: სტიქიამ  დედოფლისწყარო დააზარალა

ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რაიონს. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ძლიერმა  სეტყვამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროს რაიონი დააზარალა. განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.

ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარი: სტიქიამ კახეთში რამდენიმე სოფელი დააზარალა

როგორც დედოფლისწყაროს მერმა ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

„ძირითადად სეტყვამ ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“, – ჯანიაშვილმა.

დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის სოფლები წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა. სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, შესაძლოა წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ.