ლიეტუვის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლიეტუვის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან ერთად საქართველოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.  

ლიეტუვის პრეზიდენტი თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავს, რომლის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებას გააკეთებენ.

გიტანას ნაუსედა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას. დღის წესრიგის მიხედვით დაგეგმილია კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრაც.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.