თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული ტექნიკა წაიღეს, განაცხადა ჟურნალისტებთან მაღაზიის დირექტორმა კახა სეფიაშვილმა.
მისი თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისის ცენტრში ქურდობის ფაქტი დღეს, გამთენიისას, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დასრულებისას მოხდა.
„მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი დასრულდა, სადღაც 10 წუთში დაცვის სამსახური დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა რომ მაღაზიის მინა იყო გატეხილი“, – განაცხადა სეფიაშვილმა ჟურნალისტებთან.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.