8 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმე: დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოძიება არასრულწლოვნის ასაკს არ ასაჯაროებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი 16 წლისაა.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და რვა წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანმა 19 და 20 მაისს ბავშვზე სექსუალური ძალადობა განახორციელა.

თავიდან პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, მაგრამ თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.