სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი ჩატარდა

ახალციხეში გამართულ ფორუმზე ვაკანსიები ძირითადად მომსახურებისა და წარმოების სფეროდან იყო წარმოდგენილი.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა, ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 49 მცირე და საშუალო ბიზნეს-კომპანიებმა ვაკანსიები წარმოადგინეს. შეთავაზებული იყო 260 ვაკანსია და ასევე 50 სტაჟირების შესაძლებლობა. ვაკანსიები ძირითადად მომსახურებისა და წარმოების სფეროდან იყო წარმოდგენილი.

ფორუმში 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.

ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.

ანალოგიური ფორუმი ადრე ბათუმში და გორში ჩატარდა. აპრილში ბათუმმა უმასპინძლა ფორუმს „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“, სადაც ოცმა კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა ვაკანსია შესთავაზა.

გორში ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 3 ათასზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო.