ოზურგეთში გაფიცვა შეწყდა – თანამშრომლებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს

გურიაში ფქვილის საწარმოს თანამშრომლები ხელფასის მომატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ოზურგეთში ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა 36-დღიანი გაფიცვა დაასრულეს. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ კომპანიის ადმინისტრაციაში აცნობეს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მხარეები შეთანხმდნენ და თანამშრომლების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

„ახალ კონტრაქტებს ხელი, სავარაუდოდ, შაბათს მოეწერება. ჯერჯერობით ზეპირი შეთანხმება დავდეთ. მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ხელი მოეწერება, თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან“, – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ კომპანიაში.

გაფიცულები მუშაობას, სავარაუდოდ, ორშაბათს განაახლებენ.

„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

ფქვილის საწარმო, რომელიც აწარმოებს ფქვილ „გულისტანს“ და აქვს საკუთარი ლაბორატორია, დასავლეთ საქართველოში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს.