ოთხი თვე ალიყურისთვის: მამაკაცს რომელმაც მაკრონს სილა გააწნა პატიმრობა შეეფარდა

ბრალდების მხარე მოითხოვდა ტარელისთვის უფრო მკაცრ სასჯელს - პატიმრობის 18 თვეს. მაგრამ სასამართლო უფრო ხანმოკლე პატიმრობით შემოიფარგლა.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დამიენ ტარელს, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნა, სასამართლომ ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ფრანგული ტელეარხი BFMTV.

მაკრონი სამშაბათს დრომის დეპარტამენტში ლიცეუმის მონახულების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესახვედრად გავიდა. მან ერთ-ერთ მამაკაცს მისალმების მიზნით ხელი გაუწოდა. საპასუხოდ მამაკაცმაც გაუწოდა ერთი ხელი, მეორეთი კი პრეზიდენტს სახეში გაარტყა. ამის შემდეგ ის დაცვამ ძირს დააგდო. მასთან ერთად დააკავეს ასევე ის მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა. ორივეს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლოზე მამაკაცმა აღიარა, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მაკრონისთვის კვერცხის ან კრემიანი ტორტის სროლას გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა.

მოტივებზე საუბრისას ტარელმა აღნიშნა, რომ „მაკრონი ქვეყნის ვარდნას განასახიერებს“.

„მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში: უცნობი მამაკაცი მაკრონის რეზიდენციაში შესვლას ცდილობდა

პროკურატურა ტარელისთვის 18-თვიან პატიმრობას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცი საპატიმროში განაჩენის გამოცხადებისთანავე განთავსდება.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებული ვალდებულია ორი წლის განმავლობაში იმუშაოს ან ისწავლოს, მიიღოს ფსიქოლოგიური დახმარება და არ უნდა ჩაიდინოს ახალი სამართალდარღვევა. მას ხუთი წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტზე თავდამსხმელს სამოქალაქო უფლებები ჩამოერთვა. ახლა მის დაცვას და საქმის პროკურორს ვერდიქტის გასაჩივრებისთვის ხუთი დღე აქვს.