ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი პოლიციელზე თავდასხმაშია ბრალდებული

ბრალდებული აქტივისტი პოლიციის თანამშრომელს სოფელ გუმათში 29 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაესხა თავს.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. „რიონის ხეობის მცველი“ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციების ქუთაისში ჩატარების შემდეგ აქციების მონაწილეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმის ფორმით რიგი მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც არ შესრულდა. ამის შემდეგ აქციები ისევ რიონის ხეობაში გაგრძელდა.

უწყების მონაცემებით, საუბარია დაპირისპირებაზე, რომელიც 29 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 29 მაისს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებული გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დარჩება. ის თავის ბრალს არ აღიარებს.