„მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად“: ილია მეორემ მრევლს ამაღლება მიულოცა

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.

მართლმადიდებელი ეკლესია წელს ამაღლებას 10 ივნისს ზეიმობს. ასევე დღეს არის ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალკედონელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ევტიქის ხსნების დღე.

„გილოცავთ ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ გვიწერია იგივე გზა, ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია“, – ბრძანა პატრიარქმა.

ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.