თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გაიხსნა

ქართული ენის ფაკულტეტი ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა. ის სტუდენტების პირველ ნაკადს უკვე მიმდინარე წელს მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. თურქეთის ქალაქ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტს ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მიღების ნებართვა მისცეს. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები>>

„მსურს გაგიზიაროთ მორიგი სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს საელჩოსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი ძალისხმევით თურქეთის ქალაქ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მისაღებად საჭირო ნებართვა გაიცა“, – წერს ჯანჯღავა.

ქართული ენა ყარსის უნივერსიტეტში – რა გარეგნული ნიშნით გამოარჩევენ თურქეთელ ქართველებს

მისი თქმით, წელს ამ ფაკულტეტზე რამდენიმე ათეული პირველკურსელი დაიწყებს სწავლას.

„წარმატებებს ვუსურვებ ზემოხსენებული უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და მომავალ სტუდენტებს“, – დაწერა საქართველოს ელჩმა.

ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი სახელმწიფო საჯარო უმაღლესი სასწავლებელია. ის 1992 წელს დაარსდა. უნივერსიტეტში არის ექვსი ფაკულტეტი, სამი ინსტიტუტი, სამი კოლეჯი, ოთხი პროფესიული კოლეჯი და რამდენიმე კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო ცენტრი. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ უნივერსიტეტში ყოველწლიურად 15 ათასსზე მეტი სტუდენტი ირიცხება.