თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გამოჩენილი რეჟისორის, მწერლის, სცენარისტისა და მხატვრის, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებლის რეზო გაბრიაძის პანაშვიდი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ხუთშაბათს, 10 ივნისს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაიმართება.
მოსკოვში ქართველ ხელოვანთან გამომშვიდობების ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაიმართება.
პანაშვიდი თბილისში გამომშვიდობების ცერემონიის პარალელურად გაიმართება. რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მას ანჩისხატიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.
გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.