ლაშა დარსალია დაწინაურდა – ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა

დავით ზალკალიანის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებებში თბილისის წარმომადგენელი ლაშა დარსალია გახდა, რომელიც ასევე წამყვან როლს ასრულებდა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობაში.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებში ლაშა დარსალია დაწინაურდა – ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმაა – ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ 2008 წლიდან, როდესაც საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს 2019 წლიდან წარმოადგენს.

ჟენევის მოლაპარაკებების გარდა ლაშა დარსალიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობაში.

მინისტრის მოადგილედ დარსალია 2018 წელს დაინიშნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ასევე დაწინაურდა სამინისტროს ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია – ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.