ღარიბაშვილი: ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს

სიმბოლური კაფსულა აუზის საძირკველში ჩადეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქუთაისში თანამედროვე ოლიმპიური აუზის მშენებლობა იწყება, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

სიმბოლური კაფსულა აუზის საძირკველში ჩადეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზები აშენდება

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ქუთაისს სულ მალე, ერთ წელიწადში ექნება თანამედროვე სტანდარტების ოლიმპიური აუზი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქუთაისისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი სპორტსმენებისთვის... ქუთაისმა ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი, წყალბურთელი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, ქუთაისი იმსახურებდა ასეთი დონის აუზს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ოლიმპიური სტანდარტის აუზი 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში სპორტსმენები ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებითაც ისარგებლებენ.

ქუთაისის გარდა, თანამედროვე სპორტული კომპლექსების მშენებლობა დაიწყება ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში. ოთხივე სპორტკომპლექსი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (ADB) შენდება.

პროექტის ბიუჯეტი 8,3 მილიონი ლარია. აუზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.