ფასით უკმაყოფილო ქალმა სილამაზის სალონის მეპატრონე დაჭრა – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

მკერდში დაჭრილი 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადააყვანილი, მისი მდგომარეობა „სტაბილურად კრიტიკულია“.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. ტეხასის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც სილამაზის სალონში ცეცხლი გახსნა და მისი მეპატრონე დაჭრა, რადგან მომსახურების ღირებულებით უკმაყოფილო დარჩა, იუწყება გამოცემა NBC News.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაისის ბოლოს მოხდა ჰიუსტონში.  

​ოლქის შერიფის თქმით, ჯოანა ვარამ და მისმა დამ მანიკიური და პედიკიური გაიკეთეს სალონ Katy Nails-ში 29 მაისს, რის შემდეგაც კამათი მოუვიდათ სალონის მფლობელთან, 42 წლის მამაკაცთან – სერვისის საფასურის გამო.

პოლიციის ინფორმაციით, კამათის დროს ჯოანა ვარა რაღაც დროით გავიდა სალონიდან და ცოტა ხანში დაბრუნდა. სალონის მფლობელმა მისი გარეთ გაგდება სცადა, მაგრამ ქალმა პისტოლეტი ამოიღო და ესროლა. ამის შემდეგ ორივე ქალი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

მკერდში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ის სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საბოლოოდ პოლიციამ ვარას ადგილსამყოფელი დაადგინა და დააპატიმრა. სასამართლომ მას ასევე დააკისრა 75 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. რაც შეეხება ჯოანას დას, სამართალდამცველებმა თავიდან ისიც დააკავეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების გამო, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.