ლაშა შავდათუაშვილი - მსოფლიო ჩემპიონია!

შავდათუაშვილის მედალი პირველია საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე: ტურნირის პირველ ორ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლის აღება ვერ მოახერხეს.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა - მან ოქროს მედალი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მოიპოვა.

73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში შავდათუაშვილმა შვედ ტომი მასიასს სძლია.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აღსანიშნავია, რომ 29 წლის შავდათუაშვილისთვის, რომელიც არის ლონდონის (2012) ოლიმპიური ჩემპიონი, რიო-დე-ჟანეიროს (2016) ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, კონტინენტური პირველობის მრავალგზის პრიზიორი, „დიდი სლემის“ სერიის ტურნირების და გრან-პრის მრავალგზის გამარჯვებული, ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი მოპოვებული ოქროს მედალია.

ფინალამდე შავდათუაშვილმა სძლია ალონსო ვინგას (პერუ), ედუარდო ბარბაროსას (ბრაზილია), იონატან ელბაზს (ისრაელი), მიკლოშ უნგვარის (უნგრეთი) და ბილალ ჩილოღლუს (თურქეთი).

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილის მედალი პირველია საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე: ტურნირის პირველ ორ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლის აღება ვერ მოახერხეს.

დღესვე ტატამზე გავიდნენ საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი - ნუგზარ ტატალაშვილი (-73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ). ტატალაშვილი ადრიან სულჩასთან (რუმინეთი) მეორე წრეშუ დამარცხდა, ლიპარტელიანმა მერვედფინალში ორთაბრძოლა იაპონელ მომო ტამოკისთან წააგო.

მსოფლიო პირველობის მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრებს წარადგენენ ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი. ორივე ძიუდოისტი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.