„ქართული ოცნება“ VS ყოფილი პრემიერი: კობახიძე მზადაა გახარიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

„ოცნების“ თავმჯდომარე ყოფილ პრემიერსა და პარტიულ თანამოაზრეს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს, რომელთა სინამდვილის დადასტურება მხოლოდ გამოძიებას შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მმართველი მარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზადაა უპასუხოს გამოძიების ყველა შეკითხვას და დაადასტუროს თავისი ბრალდებები საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

გუშინ გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მოითხოვა კობახიძის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების გამოძიება. კერძოდ, კობახიძემ პრემიერის პოსტიდან გახარიას გადადგომის სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა და ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. ამის პასუხად გახარიას პარტიამ გამოძიება და მტკიცებულებები მოითხოვა.

შეთქმულება? – გახარია კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება სამართალდამცველი ორგანოების ფუნქციაა და „თუ გამოძიებას რაიმე კითხვა ექნება, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.

უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვალში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლის გეგმა ჰქონდა, რომელიც სწორედ იმ ორ–სამ დღეში უნდა განეხორციელებინა, როდესაც ნიკა მელიას დაკავების საკითხი წყდებოდა. იყვნენ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასასვლელად მზად იყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან გახარიას კავშირზე მიუთითებს ის, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამდენი ხნით – ორი-სამი დღით ითხოვდა ნიკა მელიას დაკავების გადადებას. როგორც კობახიძე ამბობს, მართალია, მან არ იცის, ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასასვლელად, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.

„ჩემი პროექტი არ არის“ – ბიძინა ივანიშვილი გახარიას შესახებ

„რაც შეეხება შეფასებას – „ღალატი“, „მოღალატე“ – ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამ წლის თებერვალში საქართველოში და რა ნაბიჯებიც გადადგა გიორგი გახარიამ. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და, უფრო მეტი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს შეიძლება პოლიტიკურად შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მმართველი პარტია დატოვა მიმდინარე წლის თებერვალში. გადადგომის მიზეზად მან პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე განსხვავებული შეხედულებები დაასახელა.

ცოტა ხნის წინ გახარია ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა ახალი ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის სახით. უკვე ცნობილია, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდება.