ამირან გამყრელიძე: ვმუშაობთ, რომ ვაქცინაცია შესაძლებელი იყოს ცოცხალი რიგითაც

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3.6 მილიონზე მეტი ვაქცინა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ასაცრელი სივრცეები შეიქმნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

გამყრელიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ექსპო ჯორჯიასთან“, ჰუალინგის ცენტრთან, სპორტულ დაწესებულებებთან და მოლებთან, რათა ივლისიდან ინტენსიური ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

იგეგმება, რომ ვაქცინაცია როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით იყოს შესაძლებელი.

„უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში – თითო–თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 178.738 ადამიანია აცრილი.