ყვითელი ამბები

„რეკორდი არ მომიხსნია...“ – დათო დარჩია ცოლს გაშორდა

25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცნობილი მსახიობი დათო დარჩია მეუღლეს გაშორდა, რომელთანაც 20 წლის ქალიშვილი ჰყავს.
Sputnik

მსახიობი დათო დარჩია განქორწინდა. ჟურნალ „თბილისელებთან“ მსახიობმა განაცხადა, რომ მისი ამბავი ვიქტორია ბუხნიკაშვილთან სკანდალების გარეშე დასრულდა, თავად კი ცოლის მოყვანას არ აპირებს. მეუღლეს წელიწად-ნახევრის წინ დაშორდა და რთული პერიოდი არ ჰქონია, რადგან გადაწყვეტილება უცებ არ მიუღიათ.

„ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, 25-წლიანი ურთიერთობა ბოლოს ასე დასრულდეს. ეს იმდენად დიდი დროა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ყველაფერი ხდება. ხომ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო და მართლაც ასეა. მეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მინახავს გაშორებულები და რეკორდი არ მომიხსნია“, – ამბობს მსახიობი.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იყო განქორწინების მიზეზი ფინანსური პრობლემები, დარჩია ამბობს, რომ ფინანსური ყველაზე ნაკლებად იყო, უბრალოდ ერთმანეთი ისე აღარ უყვარდათ, როგორც საჭირო იყო და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

მსახიობმა დათო დარჩიამ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ აღიარა, რომ საკუთარი მეუღლე გაძარცვა. მსახიობმა ის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში იპოვა თანხა – ხუთი ათასი დოლარი და რამდენიმე დღის განმავლობაში 100-100 დოლარობით იღებდა. საბოლოოდ კი მიხვდა, რომ თანხა უნდა დაებრუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მთლიანი თანხა ტოტალიზატორში წააგო. მსახიობმა განაცხადა, რომ მეუღლემ ამის შესახებ მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ გაიგო და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. „დღემდე ვიხდი მგონი ამ თანხას“, – აღნიშნა სიცილით დარჩიამ.

25 წელი რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენაზე და წარმატებით შესრულებული როლები სპექტაკლებში, მხატვრულ ფილმებში, ტელესერიალებში – ეს მსახიობ დათო დარჩიას ცხოვრებაა. სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმში „წარსულის აჩრდილები” და მაშინვე ცხადი გახდა, რომ მისი სახით ღირსეული წევრი შეემატა ქართველ მსახიობთა დიდ ოჯახს. რუსთაველის თეატრის პოპულარულ მსახიობს დათო დარჩიას მეუღლესთან ვიქტორია ბუხნიკაშვილთან 20 წლის ქალიშვილი ელენე ჰყავს.