მზე – ბევრი, წვიმა – ცოტა: ზაფხულის სეზონი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოში ეს ზაფხული ნორმის ფარგლებს ძალიან არ გასცდება – იქნება როგორც ცხელი, ისე ძალიან ცხელი დღეები და, რა თქმა უნდა, წვიმაც.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ნორმის ფარგლებში იქნება, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 1–2 გრადუსით მაღალი იქნება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სეზონური ნორმა

  • საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) შეადგენს: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს.  
  • ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

ზაფხულის ამინდის პროგნოზი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

ამინდის პროგნოზი თბილისში: 7–13 ივნისი

2021 წლის ზაფხულის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში იქნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა.

რაც შეეხება ნალექების რაოდენობას, სინოპტიკოსები სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე - ნორმაზე ნაკლებს ვარაუდობენ.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში ვარაუდობენ, რომ საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურა მოიმატებს +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე. ამის პროგნოზირება, სპეციალისტების თქმით, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრეა შესაძლებელი.