თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. მაღალი ქოლესტერინი ძირითადად უსიმპტომო დაავადებაა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ის შესაძლოა ფეხებზე გარკვეული ნიშნებით გამოვლინდეს, წერს გამოცემა Express ბრიტანელ კარდიოლოგებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დადგენა მხოლოდ სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი, თუმცა თუ ადამიანი გენეტიკურადაა მიდრეკილი ჰიპერქოლესტერინემიისკენ, მაშინ ფეხის ქუსლებზე შესაძლოა შეშუპებები გაჩნდეს.
გარდა ამისა, არსებობს სხვა მინიშნებებიც:
- ქსანტელაზმები, ანუ ქოლესტერინის მცირე ყვითელი კვანძები თვალის შიდა კუთხეებში;
- მქრქალი თეთრი რკალი თვალის გარსის გარშემო. თუ 50 წელზე ნაკლები ასაკის ხართ და ამგვარი რკალი გაქვთ თვალში, ეს ჰიპერქოლესტერინემიის უეჭველი ნიშანია.
ამასთან ექიმები აცხადებენ, რომ ადამიანების უმეტესობას ქოლესტერინის მაღალი დონე ჰიპერქოლესტერინემიის გამო არ აღენიშნება. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ასაკს, წონას ან სხვა რომელიმე დაავადებას, მაგალითად, მაღალ წნევას ან დიაბეტს.
თუ მაღალი ქოლესტერინი გაქვთ, მედიკოსები გირჩევენ, მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაწევას.
როგორც Heart UK-ის სპეციალისტები წერენ, ქოლესტერინთან ბრძოლაში შესანიშნავ შედეგს იძლევა გაჯერებული ცხიმების რაოდენობის შემცირება და გაუჯერებელი ცხიმების შემცველი პროდუქტების რაოდენობის გაზრდა.
გაუჯერებელი ცხიმებია: მცენარეული ზეთები − ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის, ნიგვზისა და თალგამურასი.
გარდა ამისა, გაუჯერებელ ცხიმებს შეიცავს ავოკადო, თხილ-კაკალი და მარცვლეული. მისი კარგი წყაროა ცხიმიანი თევზიც, რომელიც კვირაში ორჯერ მაინც უნდა მიირთვათ.
რაც შეეხება გაჯერებულ ცხიმებს, მათ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს: ხორცეული და რძის ნაწარმი, მაგალითად, კარაქი.