თბილისში სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მომიტინგეებმა, რომელთა შორის არიან ათობით სასულიერო პირი და მრევლი, მარჯანიშვილის მოედნიდან ომბუდსმენის ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მმართველის, მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერი აქცია დღეს მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.

საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ არსებულ პანსიონში სკანდალი ორი კვირის წინ სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ აგორდა. განცხადებაში იყო საუბარი სისასტიკეზე პანსიონის ბავშვების მიმართ და იმაზე, რომ აპარატის წარმომადგენლებს პანსიონში არ უშვებენ. გასულ კვირაში შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონიდან 20 ბავშვი გაიყვანეს

შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და გამოიტანა დროებითი განჩინება. განჩინების შესაბამისად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო რისკებიდან გამომდინარე დაუყონებლივ და ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უნდა მოხდეს ყველა შშმ ბავშვის გაყვანა.

ნინოწმინდის პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ამ დროისთვის 20 ბავშვი გაიყვანა, აქედან 7 შშმ სტატუსის მქონე ბავშვია.

თავის მხრივ, საპატრიარქომ სასამართლოს განჩინება უკვე გაასაჩივრა.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მომიტინგეებმა მოითხოვეს პანსიონში მომხდარის დეტალური შესწავლა და სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას გადადგომა. შეკრებილებს შეუერთდა პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე, რომელმაც ასევე მოითხოვა ლომჯარიას გადადგომა. მისი განცხადებით, მეუფე სპირიდონი ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია, რომელიც მიზნად ისახავს მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციას.

„ჩვენი ეკლესია და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტი და მსხვერპლი. ხდება უაპელაციო, ყოველგვარ მტკიცებულებებს მოკლებული, მიზანმიმართული პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას და, კერძოდ, მეუფე სპირიდონის და იმ ბავშვთა სახლის დისკრედიტაციას“, – განაცხადა ვასაძემ.

მომიტინგეებმა, რომელთა შორის ათობით სასულიერო პირი და მრევლი იყო, მარჯანიშვილის მოედნიდან ომბუდსმენის ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.