სახელმწიფო სოფლად სახლს 130 დევნილ ოჯახს შეუძენს

იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს მასშტაბით სასურველი საცხოვრებელი სახლის შერჩევის უფლება აქვთ.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის, აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილებს საქართველოს მასშტაბით თავად შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი სახლი, რისთვისაც მათ მიეცემათ სამთვიანი ვადა“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილი ოჯახები ახალ ბინებს საქართველოს სამ ქალაქში მიიღებენ

საქართველოში პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ – შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით გამოყოფილი თანხის ოდენობა განსხვავებულია თითოეული ოჯახისთვის, კერძოდ: ერთ ან ორსულიანი ოჯახი 17 ათასი ლარის ნაცვლად, 22 ათას ლარს მიიღებს. სამსულიანი ოჯახი 25 ათას ლარს (ნაცვლად 21 ათასისა), ოთხსულიანი ოჯახი 28 ათას ლარს (ნაცვლად 23 ათასი ლარისა), ხუთსულიანი ოჯახი 31 ათას ლარს ( ნაცვლად 26 ათასისა), ექვსსულიანი ოჯახი 34 ათას ლარს (ნაცვლად 29 ათასისა), შვიდსულიანი ოჯახი 37 ათას ლარს (ნაცვლად 32 ათასისა), რვასულიანი ოჯახი 40 ათას ლარს (ნაცვლად 35 ათასი ლარისა), ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე კი დამატებით 3 ათას ლარს მიიღებს.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

მიმდინარე წელს სააგენტო 1,2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის გეგმავს სახლის შეძენას.