რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

ხანძარი რამდენიმე საათის წინ ავტობაზრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა და იქვე მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება“, - აღნიშნავენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დამწვარია 20-მდე ავტომობილი.