საქართველოში მკაცრდება სასჯელი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო

კანონპროექტის თანახმად, ავტომობილის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით გამოიწვევს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

2020 წელს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მომხდარი 137 ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 214 კი დაშავდა.

საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის სანქციების გამკაცრებას, პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა - ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა წარადგინეს.

დღეს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას იწვევს. განმეორებითი დარღვევა იწვევს ჯარიმას 700 ლარის ოდენობით და მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას.