რიონის ხეობაში ხმაურის აქცია გრძელდება: კარვები მეოთხე ლოკაციაზე გაიშალა

საპროტესტო აქციების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კომპანია ჩუმად ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. გუშინ ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე ხმაური იყო, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი კიდევ ერთ ლოკაციაზე გაშალეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა 

„რიონის ხეობის მცველები“ კომპანია ENKA-ს სპეცტექნიკის გადაადგილების და მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ისინი აგრძელებენ „ხმაურის აქციას“, რომლითაც ისინი აპროტესტებენ პოლიციის მიერ რკინის ბარიკადების აგებას, რომელიც მათ პროტესტის ძველი ლოკაციისკენ, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

30 მაისისთვის კარვები სამ ადგილას იყო გაშლილი - გუმათჰესთან, კომპანიის ბაზასთან და მწვანეყვავილადან ხეობაში გასასვლელ გზაზე. ამით „რიონის ხეობის მცველებმა“ კომპანია Enka-ს რიონის ხეობაში შესასვლელი ყველა გზა გადაუკეტეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში არსებობს კიდევ ერთი ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებითაც კომპანია სამშენებლო მასალების ხეობაში შეტანას გეგმავდა. გუშინ ღამით დაპირისპირება სწორედ ამ გზაზე მოხდა. დღეს გამთენიისას კი სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა გადაადგილდა რიონის ხეობის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია

პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა კარავი აღნიშნულ სოფელშიც გაშალეს.

გარდა ამისა, ორშაბათს, 14:00 საათზე მათ დააანონსეს მსვლელობა რიონის ხეობიდან ქუთაისისკენ, ENKA-ს ოფისის მიმართულებით. აქციის მონაწილეები ხმაურიან აქციას ჩაატარებენ, სადაც ისნი კიდევ ერთხელ შეახსენებენ კომპანიას თავიანთ მოთხოვნებს.

ასევე, წუხელ გოლეთიანმა დაანონსა, რომ აქციის გამართვის ადგილზე ხვალიდან ყოველ საღამოს 19:00 საათზე გაიმართება „საგნობრივი საუბრები“ პროექტთან დაკავშირებით, სადაც დეტალურად იქნება განხილული პროტესტის შინაარსი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 222 დღეა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის დაკავება გამაფრთხილებელი სროლის ფონზე მოხდა

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.