საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლა იწყება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხელახლა ოპოზიციის ბრალდების გამო დაითვლება, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლა 3 ივნისს, 10.00 საათიდან დაიწყება, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოვლენილ 20 საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს ამავე პრინციპით შერჩეული 12 პროფესიონალი ორი დღის განმავლობაში დაითვლის.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხელმეორედ პირდაპირ ეთერში დაითვლიან

მიქანაძემ დროებითი კომისიის წევრებს საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შემოწმების ინსტრუქციის პროექტი გააცნო.

საგამოძიებო კომისია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ინიციატივით 17 თებერვალს შეიქმნა, მიზეზი ოპოზიციის ბრალდებები იყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ კომისია ხმებს გადაითვლის უბნების ნაწილში და თუ შედეგები არ დაემთხვევა საქართველოს ცესკოს შედეგებს, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.