„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე გამოჩდნენ

ბლოკ „ნაციონალურ მოძრაობას" აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსი დეპუტატი ჰყავს, მათ უკვე დაიკავეს დარბაზში თავიანთი ადგილები და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვნენ.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" დეპუტატებმა შვიდთვიანი ბოიკოტი შეწყვიტეს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკმა კენჭისყრის შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლეს საბჭოში შვიდი მანდატი მიიღო.

ნაცმოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატიდან ერთ-ერთმა - ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც ამ საარჩევნო ბლოკის სიაში პარტია „რესპუბლიკელებიდან" იყო, უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო. ამ დროს ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.

არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 ადგილიდან 14 მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" უკავია.

ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობა" ექვსი დეპუტატით არის წარმოდგენილი: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე.

ისინი მონაწილეობას უკვე იღებენ უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაში, რომელზეც აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ანგარიშს წარადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია მალე საქართველოს პარლამენტშიც იქნება წარმოდგენილი. პარტიამ ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ 30 მაისს განაცხადა. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები უარს აცხადებენ ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კომპრომისულ დოკუმენტს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, პარტიის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე წინ უძღოდა საქართველოს რეგიონებში გამართული ტურნე, ამომრჩეველთან შეხვედრები და ასევე კონსულტაციები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კიევში.

„ნაციონალური მოძრაობის" ბლოკმა 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა. ამ ბლოკის სიიდან სამმა წევრმა აპრილში ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში შევიდა, შესაბამისად, 8 ივნისს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" სიიდან 33 წევრი შევა.