COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო გვაფრთხილებს: მოსალოდნელია ვაქცინებისადმი მდგრადი შტამების გაჩენა

ჯანმოს სპეცწარმომადგენლის თქმით, ინფექციასთან ბრძოლისას ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როდესაც დაავადებების მაჩვენებელი ნულს უახლოვდება.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა COVID-19-ის ისეთი შტამები გაჩნდეს, რომლის წინააღმდეგაც არსებული ვაქცინები უძლური იქნება, განაცხადა SkyNews-სთან საუბრისას ჯანმოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში დევიდ ნაბარომ.

​მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს, მიუხედავად ინფიცირების დაბალი დონისა, ასე სწრაფად არ უნდა გაეუქმებინა საკარანტინო ზომები, ვინაიდან ამას შეიძლება კვლავ მოჰყვეს ვირუსის აფეთქება.

  • „ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის დროს ყველაზე საშიში მომენტი მაშინ დგება, როდესაც მრუდი ნულს უახლოვდება. სწორედ ამ მომენტში, თუ სიფრთხილის ზომებზე ნაადრევად იტყვით უარს, ინფექცია კვლავ იფეთქებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთში გვაქვს კორონავირუსის ახალი ვარიანტები, კერძოდ, Delta (ინდური შტამი), ჩვენ ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყოთ“, — აღნიშნა ჯანმოს სპეცწარმომადგენელმა.

მანამდე კიდევ ერთმა ექსპერტმა, Oxford/AstraZeneca-ს გუნდის წევრმა ჯონ ბელმა აღნიშნა, რომ არსებული ვაქცინები ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგაც, თუმცა ისინი მომავალი შტამებისგან მუდმივი დაცვის გარანტიას ვერ იძლევა.

ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ნაბარომ განაცხადა:

„არ მგონია, რომ პირდაპირ ახლა ჰორიზონტზე რაღაც ისეთი ჩანდეს, რასაც ვაქცინები ვერ მოერევა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან“.

ნაბაროს თქმით, რეალურად კორონავირუსი ნაკლებად საშიში არ გამხდარა, ამიტომ ადამიანებმა კვლავაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე, რათა COVID-19-მა ისევ არ იფეთქოს.