ორმა შეიარაღებულმა ბავშვმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

როგორც საბოლოოდ დადგინდა, ბავშვებიდან ერთი 12, მეორე კი 14 წლისაა და ისინი მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან იყვნენ გაქცეულები.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ფლორიდაში 14 წლის გოგონამ და 12 წლის ბიჭმა მოპარული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, იუწყება ტელეარხი ABC News.

გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხო სროლის დროს გოგონა მძიმედ დაიჭრა.

როგორც ირკვევა, ბავშვები რამდენიმე საათით ადრე გაიქცნენ მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან, რის შემდეგაც უცხო სახლში შეაღწიეს. სწორედ იქ აღმოაჩინეს ავტომატი АК-47, პისტოლეტი, თოფი და უამრავი ვაზნა.

პოლიციამ ამ დროს სახლში უკანონო შეღწევის თაობაზე სიგნალიზაციის პულტზე შეტყობინება მიიღო და ადგილზე გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს სახლს და შეეცადნენ დაეყოლიებინათ ბავშვები, მშვიდობიანად დანებებულიყვნენ, მაგრამ მათ ცეცხლი გახსნეს.

როგორც მოგვიანებით დაკავებულმა ბიჭუნამ თქვა, ისინი კომპიუტერული თამაშის GTA-ს მსგავსად მოქმედებდნენ.

როგორც ოლქის შერიფმა ვოლუსია ჩეტვუდმა განაცხადა, იმისათვის, რომ ბავშვებს დალაპარაკებოდა, მათ საკუთარი მობილური ტელეფონი გადაუგდო, მაგრამ ისინი კონტაქტზე არ გამოვიდნენ.

დაკავებული ბიჭის თქმით, მან რამდენჯერმე გაისროლა ავტომატიდან, რის შემდეგაც იძულებული გახდა, მჭიდი შეეცვალა. თოფით შეიარაღებული გოგონა კი ამასობასი ავტოფარეხიდან ესროდა პოლიციელებს.

საბოლოოდ ის პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა, შეშინებული ბიჭი კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

„პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავებულიყო, რასაც ლამის შეეწირნენ კიდეც. სამართალდამცველებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც სხვა გზა აღარ დარჩა“, — განაცხადა ჩეტვუდმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ბავშვი შეიარაღებულ ძარცვასა და პირველი ხარისხის მკვლელობის მიზნით თავდასხმაშია ბრალდებული.