თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კანიონინგი, ექსტრემალური ველობილიკები, ახალი ტურისტული მარშრუტები - აჭარაში ტურისტული სეზონი იხსნება და რეგიონი სტუმრებს საინტერესო თავგადასავლებს ჰპირდება, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აჭარაში უკვე გამოჩნდნენ ტურისტები უკრაინიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები სრულდება.
სასტუმროები, ტურისტული და კვების ობიექტები კოვიდ-რეგულაციების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ. დამსვენებლებისთვის აჭარაში ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორიაა გახსნილი, კვების ობიექტებს კი სტუმრების მიღება დახურულ სივრცეში უქმეებზეც შეუძლიათ.
ზღვაზე დასვენებასთან ერთად, აჭარა სტუმრებს ახალ ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორისაა სოფელ უჩხოში კანიონინგი, ქედასა და შუახევში ექსტრემალური ველობილიკები, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაში ახალი საპიკნიკე ადგილები. გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ღორჯომის, ჭვანასა და კინტრიშის ხეობები.
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ ტურისტული მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ საინფორმაციო ცენტრის „ცხელ ხაზზე“ 577 909093 და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka/about-agency.
აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. რეგიონი ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი ნაკადის მისაღებად ემზადება.
ეპიდემიოლოგები როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.