ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოზე ავტომანქანების მაღალი მობილობის გამო დაწესდა, რაც მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ნუცუბიძის ფერდობზე საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხვალიდან სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 3 ივნისიდან სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე 08:00–12:00 და 17:00–20:00 საათების ინტერვალებში შეიზღუდება.

როდის აღდგება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე - თბილისის მერის განმარტება

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნუცუბიძის პლატოზე ავტომობილების მობილობის განსაკუთრებულად დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო არსებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

მერიაში არ აკონკრეტებენ, როდემდე გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

ბენდელიანი: მეწყრულ ზონაში მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, ვიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს

პარალელურად აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი ჩაერთო.