საქართველოში მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება

ქართველი ეკოლოგები მდინარე მტკვრის მონიტორინგს ყოველთვიურად ახორციელებენ და მისი სისუფთავისთვის იბრძვიან.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში დღეს მდინარე მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ ინიციტივით დაფუძნდა.

ეს დღე ერთდროულად აღინიშნება საქართველოში და მეზობელ სომხეთსა და აზერბიჯანში. 

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ორგანულ და არაორგანულ დამაბინძურებლებს და მძიმე ლითონებს სპეციალურ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. ანალიზების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზს ყოველთვიურად იკვლევს 19 წერტილში და ყოველ სამ თვეში – 33 წერტილში. კვლევების შედეგები რეგულარულად გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

მტკვარი ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში. სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მდინარე სამი სახელმწიფოს – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. აქედან საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძირითად მდინარეს წარმოადგენს. მტკვრის აუზის ნაწილი სომხეთისა და ირანის ტერიტორიებზეა.

მტკვრის სიგრძე 1364 კილომეტრია, აუზის ფართობი – 188 ათასი კვადრატული კილომეტრი.