კვარაცხელიას ფასი 18 მლნ ევრომდე გაიზარდა

კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 467-ე ადგილზე, რუსეთის ჩემპიონატში - მეოთხეზე და ყაზანის „რუბინში“ - პირველ ადგილზე გავიდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 15-დან 18 მლნ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელის განახლებულ სატრანსფერო ღირებულებას ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com აქვეყნებს.

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელთა შორის სიძვირის თავისივე რეკორდი მოხსნა. რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 467-ე ადგილზე, რუსეთის ჩემპიონატში - მეოთხეზე და ყაზანის „რუბინში“ - პირველ ადგილზე გავიდა. რუსეთის ჩემპიონატში მას უსწრებენ ხორვატი ნიკოლა ვლაშიჩი (ЦСКА, 30 მლნ ევრო), ირანელი სერდარ აზმუნი („ზენიტი“, 25 მლნ ევრო) და ბრაზილიელი მალკოლმი („ზენიტი“, 25 მლნ ევრო).

კვარაცხელიას ფასი 18 მლნ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ახლოს მდგომ პარტნიორს კვარაცხელია თითქმის ექვსჯერ უსწრებს. Transfermarkt-ის ვერსიით, უკრაინული „შახტიორის“ მცველის, დავით ხოჭოლავას ფასი 3,5 მლნ ევროა.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი  კლუბი, ქვეყანა   ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია„რუბინი“ რუსეთი18,0
დავით ხოჭოლავა„შახტიორი“ უკრაინა3,5
გიორგი ჩაკვეტაძე„გენტი“ ბელგია3,2
ოთარ ქიტეიშვილი„შტურმი“ ავსტრია3,0
საბა კვერკველია„როტორი“ რუსეთი2,5