ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა 

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი მუკბანიანს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს, აქტივისტ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 29 მაისს სოფელ გუმათში მოხდა. მუკბანიანს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს მოხდა. აქტივისტი ინციდენტის მესამე დღეს დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა დაკავების დეტალების შემცველი სპეციალური განცხადება. უწყების მონაცემებით, ადგილობრივი მოსახლეობა ყველანაირად უშლიდა ხელს პოლიციას მუკბანიანის დაკავებაში. პოლიციელებს დაუშინეს ქვები, ცდილობდნენ მათთვის იარაღის წართმევას. შედეგად დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის დაკავება გამაფრთხილებელი სროლის ფონზე მოხდა

მუკბანიანის ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, მოსამართლეს ირაკლი მუკბანიანისთვის აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდებინა, ალტერნატივის სახით კი 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვეს.

სასამართლოს შენობასთან მუკბანიანის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი მუკბანიანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდ თვეზე მეტია, რაც გრძელდება. ისინი მოითხოვენ კონტრაქტის გაწყვეტას თურქულ კომპანია ENKA–სთან, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში ყველა პროექტზე.

ბოლო კვირაა მომიტინგეები იმყოფებიან სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აგებულ რკინის ბარიკადებთან, რომლებიც მომიტინგეებს გზას უღობავს სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც  კომპანია ENKA ატარებს მოსამზადებელ სამუშაოების - გზა გაჰყავს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებსაც რიონის ხეობაში.