თაღლითობა Coca-Cola-ს სახელით: არ წამოეგოთ ანკესზე

კომპანიამ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმ თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც კომპანიის სახელით მოქალაქეების პირადი მონაცემების მოსაპოვებლად შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia მოქალაქეებს კომპანიის სახელით განხორციელებული ინტერნეტ-თაღლითობის (ფიშინგი) შესახებ აფრთხილებს

როგორც კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინტერნეტ-თაღლითებმა ყალბ გვერდზე Coca-Cola-ს სახელით ვიქტორინა გამოაცხადეს და გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებსაც შეჰპირდნენ.

„აღნიშნული ვებ-გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ უკვე მიეწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

ფიშინგი ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.

საპატრიარქოს Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

ფიშინგის შესახებ მოსახლეობა არაერთხელ გააფრთხილა ეროვნულმა ბანკმაც. უწყებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდის/ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას დაიცვან შემდეგი წესები: არ გადასცენ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; გადაამოწმონ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებენ მონაცემების შეყვანას; უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს; შეაფასონ ვებ-გვერდის შიგთავსი, რადგან ყალბი ვებ-გვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებ-გვერდის მსგავსი იყოს; გადაამოწმონ ვებ-გვერდის მფლობელი.