საქართველოში გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია შემუშავდება

ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია პოტენციური ინვესტორებისთვის, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ხუთშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. ახალ პოსტზე მოკლევადიან ამოცანებს შორის ქვრივიშვილმა დაასახელა ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების სწრაფი და უსაფრთხო აღდგენა, უწყებების ქმედითუნარიანობის გაძლიერება, შეზღუდვებით დაზარალებული მეწარმეების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, წლების განმავლობაში შექმნილი და პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა.

გამოქვეყნდა საქართველოში ფრენების განრიგი ზაფხულში

ქვრივიშვილი ახალ თანამდებობაზე გაუწევს კურირებას ისეთ სტრატეგიულ სტრუქტურებს, როგორიცაა ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, გაერთიანებული აეროპორტები, ტურიზმის ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია.

„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა. მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება გაცხადებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის...ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს კერძო სექტორის ხედვები და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან ეს არის მკაფიო და ნათელი გზა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული დარგის განვითარების კუთხით.

ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ავიაციის განვითარება პირდაპირ მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. და ეს პირდაპირ აისახება იმ შემოსავლებზე, რასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს.

ტურიზმის და ავიაციის განვითარება: ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილის გეგმები

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

2021 წლის პირველ ოთხ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 220,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 90,3%-ით ჩამოუვარდება.