რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში სთხოვდა ხალხს, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა საქმიანობა შეწყვიტა.
დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდა კაცის შესახებ არაფერი ისმოდა და მხოლოდ ახლა გამოჩნდა, როდესაც ცნობილ მოდელზე მირანდა შელიაზე დაქორწინდა. მამურინამდე გოგონა ფეხბურთელ ფედორ სმოლოვს და მომღერალ ვლადისლავ რამს ხვდებოდა. უცნობია, რამდენი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა შელიასა და მამურინის წყვილს, რადგან ქორწილამდე ისინი ერთად არ ჩნდებოდნენ.
ფოტომოდელი მირანდა შელია წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს. 29 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.
მირანდა ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისა და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ „კლუჟის“ ფეხბურთელის გიორგი ჭანტურიას მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა, თუმცა წყვილი ცოტა ხანში დაშორდა. ამის მიზეზი, მირანდას თქმით, მეუღლის მხრიდან უნდობლობა გახდა.