თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-CoronaVac საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ინფორმაცია სამშაბათს ორგანიზაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„დღეს ჯანმომ Sinovac-CoronaVac-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა და ქვეყნებს, დამფინანსებელ ორგანიზაციებს, შესყიდვების სააგენტოებსა და საზოგადოებას არწმუნებს, რომ აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
აღნიშნულ ვაქცინას პეკინის ფარმაცევტული კომპანია Sinovac აწარმოებს.
ჯანმოს მიერ მოწონება სავალდებულო პირობაა პრეპარატის COVAX-პლატფორმით გავრცელებისთვის, ასევე საერთაშორისო შესყიდვების განსახორციელებლად.
საქართველომ Sinovac-ის პირველი 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. Sinovac-ით იმუნიზაცია 24 მაისიდან დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.
ჩინური ვაქცინა Sinovac-ი ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.