თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანი COVID−19−ის გადატანის შემდეგ იძენს ბუნებრივად, ვირუსისგან თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავს ორგანიზმს ეფექტურად, წერს Medical Xpress−ი იტალიელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
როგორც ჩრდილოეთ იტალიიდან (რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის პირველ დღეებში) მიღებული მონაცემები აჩვენებს, COVID−19−ისგან განკურნების შემდეგ ვირუსით ხელმეორედ დაავადების შესაძლებლობა ძალიან დაბალია, ხოლო იმუნიტეტი — საკმაოდ ხანგრძლივი.
„SARS-CoV-2−ისადმი ბუნებრივი იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იცავს ორგანიზმს, რაც ვაქცინების დაცვითი ეფექტის ანალოგიურია“, — ირწმუნებიან სწავლულები.
მათი კვლევის შედეგები, რომელიც 15 ათასი ადამიანის შესახებ სამედიცინო ჩანაწერებს ეყრდნობა, ჟურნალ JAMA Internal Medicine−ში ორი დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ხელმეორედ მხოლოდ 5 კაცი დაავადდა. ამასთან ოთხი მათგანი საავადმყოფოებში მუშაობდა, რაც განმეორებითი ინფიცირების რისკებს ზრდიდა.
მიუხედავად ესოდენ საიმედო შედეგებისა, მეცნიერები COVID-19−ისგან განკურნებულებს მაინც ურჩევენ ვაქცინაციას, ვინაიდან, როგორც პროფესორი მიტჩელ კაცი აცხადებს, „გაურკვეველია, რამდენად იცავს ბუნებრივი იმუნიტეტი SARS-CoV-2−ის ახალი ვარიანტებისგან“.