ვითარება რიონის ხეობაში – მორიგი დაპირისპირება მხარეებს შორის

კომპანია ENKA მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა ორშაბათს, დილით.

აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციებთან შეკრება დილის 5 საათიდან დაიწყეს. „რიონის ხეობის მცველებმა“ გზა გადაკეტეს, რათა კომპანია ENKA-ს სპეცტექნიკის გადაადგილების საშუალება არ მიეცეს. აქციის მონაწილეთა თქმით,  სოფელ ნამოხვანში კომპანიის მუშახელი პოლიციელების მანქანებით გადაჰყავთ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კომპანია ENKA-ს ხეობაში შესასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი მიზანი დღესაც უცვლელია – კომპანიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა და პოლიციელებსა და კომპანიის თანაშრომლებზე მორალური ზემოქმედება. 

„გვერდით პოლიციელების პიკაპების კოლონამ ჩაგვიარა, რომლის უკანა სავარძლებზე ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები და მუშები“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

გუშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მაკა სულაძე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

გუმათში განვითარებულ მოვლენებს გვიან ღამით გამოეხმაურა კომპანია ENKA-ს ხელმძღავნელობა.

კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტი აგრესიულ ხასიათს იძენს. კომპანია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის  განხორციელებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.

„ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია ENKA-ს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძე: „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, მაგრამ არა ბარიკადების ფონზე

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 217 დღეა გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც 24 და 25 მაისს თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

საბოლოოდ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ გააგრძელეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს.