რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, ვინაიდან შეხვედრა იქნება საკმაოდ ხანმოკლე და მხოლოდ ერთ დღეს გასტანს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს ჩატარდება, ვინაიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არმიის 30 წლისთავი: ნატოს ფელდმარშლი საქართველოს ეწვია

მისი სიტყვებით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სამიტი საკმაოდ ხანმოკლე იქნება, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრაზე პარტნიორების მონაწილეობა გაითვალისწინონ.

„სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ნატოს ქვეყნები, რადგან ეს შედარებით ხანმოკლე შეხვედრა იქნება, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. პარტნიორების მონაწილეობით ფორმატები არ იქნება“, - ასე უპასუხა სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის დასმულ კითხვას.

გენერალურ მდივანს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როდის ჩატარდება მაღალი დონის შეხვედრები ალიანსის პარტნიორებთან.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის სექტორის რეფორმები - ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო მეთოდია“ უკრაინისა და საქართველოსთვის.