მათ შორის წყლის ჭავლი – რას ჰპირდება გომელაური „რიონის ხეობის მცველებს“

შინაგან საქმეთა მინისტრი ყველას აფრთხილებს, რომ პოლიციასა და სპეცრაზმს უფლება აქვს გამოიყენოს ყველა საშუალება გუმათში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, თუ ისინი აგრესიულ ქმედებებზე გადავლენ.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. აუცილებლობის შემთხვევაში სპეცრაზმი გამოიყენებს ყველაფერს, მათ შორის წყლის ჭავლსაც, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების კომენტარისას.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში უკვე 217 დღეა გრძელდება. აქციების მონაწილეები კომპანია ENKA-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ ამაში ხელს უშლის პოლიცია, რომელმაც გუმათში რკინის ჯებირები დადგა და პროტესტის მონაწილეებს სამშენებლო ტერიტორიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. მათ შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. დაკავებული იყო აქციის რამდენიმე მონაწილე.

ვითარება რიონის ხეობაში – მორიგი დაპირისპირება მხარეებს შორის

გომელაურის განცხადებით, პოლიცია „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ხეობაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით არ უშვებს.

„სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი თუ რაც იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებით, თუ აქციის მონაწილეები ბარიერების გადალახვას შეეცდებიან, მაშინ დაპირისპირების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება, შეიძლება დაშავდნენ ადამიანები.

გომელაურის განცხადებით, ჯებირები საჭიროა, რადგან უკვე მოხდა მუშებთან და კომპანია „ენკას“ ხელმძღვანელობასთან შეხლა-შემოხლა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ იქ აქციის მონაწილეებს შეუშვებენ, სიტუაცია კიდევ მეტად დაიძაბება და შეიძლება მოქალაქეები დაშავდნენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კომპანია ENKA-ს ხეობაში შესასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ პროექტში არ არის გათვლილი, რა ზარალი შეიძლება მიაყენოს ჰესმა გარემოს. ისინი მშენებლობის წინააღმდეგი არიან.