მეტროს სადგურ „გოცირიძიდან" დროებითი ავტობუსი იმოძრავებს

მერიის ინფორმაციით, ავტობუსი მგზავრებს მეტროს სადგურ „გოცირიძიდან" მეტრო „დიდუბემდე" (ზედა სადგური) მოემსახურება.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დროებითი მარშრუტი ამოქმედდება, რომელზეც N169 ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება დედაქალაქის მერია.

თანამედროვე სტანდარტების მეტროს სადგური: „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია სამ თვეში დასრულდება

„№169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და მეტრო „გოცირიძის" გახსნამდე იფუნქციონირებს. ავტობუსი მოსახლეობას 07:00 საათიდან 22:30 საათამდე პერიოდში მოემსახურება და 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე მიიღო.

სადგურ „გოცირიძის" რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება სადგურის ბაქნის სრულად გადახურვა, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები. სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.