რამდენით გაიზარდა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. 2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე 16,8%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 17,8%-ით.

საქართველოში ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 3,2%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აპრილში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 18,1%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 17,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,2%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,6%-ით გაიზარდა.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 61%-ით გაიზარდა

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 15,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 15,6%-ით, მათ შორის სასმელზე – 9%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 35,8%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 22%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 25,2%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის აპრილში 7,2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 3%-ით გაიზარდა. აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა.