საქართველოს ნაკრების სამბისტებმა ევროპის ჩემიონატზე ექვსი მედალი მოიპოვეს

ერთადერთი, ვინც მოახერხა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა, გახდა ბექა ბერძენიშვილი +98 კგ წონით კატეგორიაში.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ქართველმა სამბისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს კვიპროსზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრების ყულაბაშია ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ერთადერთი, ვინც მოახერხა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა, გახდა ბექა ბერძენიშვილი, რომელმაც +98 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ანდრეი ვოლკოვს სძლია.

ბერძენიშვილისთვის კონტინენტურ პირველობებზე ეს უკვე მესამე ოქროა.

ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ვახტანგ ჩიდრაშვილს (-58 კგ) და ნინო ოძელაშვილს (-72 კგ), მაგრამ ფინალში ორივე რუსეთის წარმომადგენლებთან დამარცხდა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს საქართველოს ნაკრებში, ესენი არიან მინდია ლილუაშვილი (-71 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (-79 კგ) და დავით ლორიაშვილი (-98 კგ).