მარინა ჯანაშია მახათას მთაზე დაკრძალეს

მსახიობი 71 წლისა იყო. მან არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართული თეატრის სცენასა თუ კინოფილმებში.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მსახიობი რუსთაველის ეროვნული თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს, სადაც მისი პანაშვიდები გაიმართა.

უკანასკნელ გზაზე ის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს.

მარინა ჯანაშია 27 მაისს 71 წლისა გარდაიცვალა. მსახიობს რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა. იგი გერმანიაში მკურნალობდა და 14 ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა, თუმცა დაავადების ბოლომდე დამარცხება ვერ შეძლო.

მსახიობ მარინა ჯანაშიას ახალგაზრდული სული

მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მსახიობის კარიერა რუსთაველის თეატრში დაიწყო, შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ხოლო 1988 წელს კი კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

მან დაუვიწყარი სახეები შექმნა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა  „ანტიგონე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ქალის ტვირთი“, „ქართველი ქალი“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, „ევრიდიკე“, „ისევ ვოდევილები“, „კარმენი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ჯინსების თაობა“ და სხვა.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „ნუცა“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გზის დასაწყისი“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“ და ა.შ.