თბილისი, 29 მაისი - Sputnik. „ხუდონჰესის“ არაშენებამ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, მის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი შეცდომა იყო, განაცხადა პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესები 80-იან წლებში „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს შეადარა და აღნიშნა, რომ ცხელ გულზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენოს.
„მე ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლისა და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვაკეთებდით, ადგილობრივებიც იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო“, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშრებით საჭიროა გონიერება. ქვეყნის განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკის გარეშე, აღნიშნა მან.
„ხუდონჰესის“ მშენებლობა 80–იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით შეჩერდა. ჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 215-ე დღეა გრძელდება.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".
ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს.