ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი აშენდება

სააგენტო თანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობა დაიწყო, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩადეს.

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

მრავალფუნქციურ თანამედროვე შენობაში განთავსდება მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.

შენობაში ასევე მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები. სააგენტო თანამედროვე დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს.