საქართველოში ტურიზმის მხარდამჭერი ფონდი შეიქმნა

ტურიზმის მხარდამჭერი ფონდისა და მთავრობის დახმარებით ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები შეძლებენ ხმა მიაწვდინონ ყველა პოტენციურ საერთაშორისო ვიზიტორს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ტურიზმის მხარდამჭერი ფონდი შეიქმნა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმში ჩართულ კომპანიებს მათი ციფრული მარკეტინგის კამპანიების თანაბარი თანადაფინანსებით და ციფრული მარკეტინგის ხელშეწყობის მიმართულებით. ინიციატივის ფარგლებში კონკურსისა და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები.

აჭარაში ტურისტული სეზონი იხსნება

საწყის ეტაპზე ფონდის დახმარებით კონკურსის საფუძველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი 100-ზე მეტი კომპანია უკვე შეირჩა, რომლებიც მიიღებენ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას. ფონდის ოპერირების სამიზნე სექტორებია: მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რესტორნები და რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო მეღვინეობები. 

ფონდი პირველ ეტაპზე დაეხმარება ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა გაიზარდოს მათი ცნობადობა და სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოში, პანდემიის მიუხედავად, არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ინდუსტრია. 

„მცირე სასტუმროები სწორედ ამ პროგრამისა და მთავრობის დახმარებით შეძლებენ თავისი ხმა მიაწვდინონ ყველა პოტენციურ საერთაშორისო ვიზიტორს“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მარკეტინგული კამპანია მოიცავს ორ ეტაპს. პირველი ეტაპი ფოკუსირებულია გაზაფხულისა და ზაფხულის აქციებზე, ხოლო მეორე გამოყოფს შემოდგომისა და ზამთრის მოგზაურებს.

ტურიზმის და ავიაციის განვითარება: ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილის გეგმები

ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკის აღორძინებისა და პოსტპანდემიური პირობების დაძლევაში საქართველოს ბევრი მიმართულებით ეხმარება. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაწყებული, მაგრამ ამიერიდან ახალი ამოცანებით და ახალი ძალით ამოქმედდება, ეს არის ტურიზმის მხარდაჭერა“, – თქვა ნათია თურნავამ.

რუსი ტურისტები საქართველოში მანქანით ვერ მოხვდებიან – ექსპერტების განმარტება

სამინისტროში ფიქრობენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს პოსტპანდემიურ პერიოდში სექტორის აღდღენასა და ინდუსტრიის სერვისებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.