„ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

ინციდენტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისში მოწყობილი საპროტესტო აქციის დროს მოხდა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ (Georgian Times) ერთ-ერთ დამფუძნებელზე ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი პირი იპოვეს და დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, როდესაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამჟამად დაკავებულმა პირმა მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სახეში დროშის ტარი ჩაარტყა.

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს ეჭვმიტანილის ვინაობა და ის ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან ნახევარი წლიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან ამის გარეშე.